ერთი დღე სქაიში — ადრეული ასაკის მოსწავლის ყოველდღიურობა
Updated: Sep 20
მშობლების ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: „როგორ გამოიყურება ჩემი ბავშვის ერთი ჩვეულებრივი დღე?“
ბავშვის საბავშვო ბაღში შეყვანა მნიშვნელოვანი ეტაპია როგორც ბავშვისთვის, ისე მთელი ოჯახისთვის. ბუნებრივია, გსურთ იცოდეთ, რომ დღის განმავლობაში თქვენი შვილი თავს უსაფრთხოდ, მშვიდად და ბედნიერად გრძნობს და, ამავდროულად, თამაშის, აღმოჩენებისა და საინტერესო გამოცდილებების საშუალებით ვითარდება და სწავლობს.
სქაიში დღის განრიგს არ აღვიქვამთ, როგორც გაკვეთილების მკაცრ ჩამონათვალს. ჩვენ ვქმნით გააზრებულ, მოქნილ და ბუნებრივ რიტმს, რომელიც ეფუძნება ადრეული ასაკის განვითარების თანამედროვე კვლევებს.
ჩვენს ყოველდღიურობაში ერთმანეთს ერწყმის ბრიტანული ადრეული ასაკის განათლებისა და განვითარების ჩარჩო (EYFS) და Reggio Emilia-ს კვლევაზე დაფუძნებული მიდგომა. ჩვენი დღის რიტმი აერთიანებს მიზანმიმართულად დაგეგმილ უნარების განვითარებას, ბავშვის მიერ ინიცირებულ თამაშს, გარე აქტივობებს, ორენოვან სასწავლო გარემოსა და პრაქტიკებს, რომლებიც ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრაციას, ემოციურ თვითრეგულაციასა და კეთილდღეობას.
მოდით, ერთი დღით შევიხედოთ სქაი ინთერნეიშენალ ქინდერგარტენის სამყაროში და ერთად ვნახოთ, როგორია ჩვენი ბავშვების ყოველდღიურობა.
თბილი დასაწყისი: დილის მიღება და საუზმე
დღე იწყება სითბოთი და ურთიერთობით. დილა მთელი დღის ემოციურ განწყობას განსაზღვრავს. ბავშვების მოსვლისას მათ პედაგოგები თბილად ხვდებიან როგორც ინგლისურ, ისე ქართულ ენაზე. სახლიდან საბავშვო ბაღში გადასვლა პატარა ბავშვისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებაა, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღე მშვიდად და ბუნებრივად დაიწყოს.
ბავშვები თავიანთ ნივთებს კარადებში ალაგებენ, ჩვენს ემოციური მზაობის დაფასთან ამოწმებენ, როგორ გრძნობენ თავს, შემდეგ კი თანატოლებთან ერთად ჯანსაღ და ახალმომზადებულ საუზმეს მიირთმევენ.
ეს მშვიდი და აუჩქარებელი დასაწყისი ბავშვებს ეხმარება, თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნონ, მიიღონ საჭირო ენერგია და თანატოლებთან ურთიერთობისთვის მოემზადონ, სანამ დღის აქტიურ ნაწილზე გადავიდოდნენ.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
სტაბილური და თბილი დილის რუტინა ამცირებს მშობელთან განშორებით გამოწვეულ შფოთვას და ეხმარება ბავშვს ემოციური მდგრადობის განვითარებაში. როდესაც ბავშვი თავს უსაფრთხოდ გრძნობს, მას უფრო თამამად შეუძლია გარემოს აღმოჩენა და ახალი გამოცდილებების მიღება.

ენის განვითარება რეალურ და ბუნებრივ გარემოში
საუზმის შემდეგ ბავშვები დილის წრისთვის იკრიბებიან. სწორედ ამ დროს იწყება დღის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი — საუბარი, მოსმენა, ისტორიები, სიმღერები და ახალი სიტყვების აღმოჩენა.
ლექსიკის მექანიკურად დამახსოვრების ნაცვლად, ჩვენი ორენოვანი პედაგოგები ბავშვებს ახალ სიტყვებსა და გამოთქმებს ბუნებრივად აცნობენ — ინტერაქტიული ისტორიების, მუსიკის, მოძრაობისა და ჯგუფური საუბრის საშუალებით.
მეტყველებისა და წიგნიერების სტრუქტურირებული აქტივობების დროს ბავშვები თამაშით ეცნობიან ბგერებს, სიტყვების ჟღერადობასა და რითმას, ავითარებენ ფონოლოგიურ ცნობიერებას და სწავლობენ საკუთარი აზრებისა და იდეების სიტყვიერად გამოხატვას. იქნება ეს ამინდის შესახებ სიმღერა ქართულად თუ ინტერაქტიული წიგნის კითხვა ინგლისურად — ბავშვები თანდათან და ბუნებრივად ეჩვევიან ორივე ენაში მოსმენას, გაგებასა და საუბარს.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
ორენოვანი ფონეტიკა და ბგერების გაცნობა;
ზეპირი მეტყველება და ამბის მოყოლა;
ემოციური მდგომარეობის გაზიარება და თვითგამოხატვა;
ყურადღებით მოსმენა და დიალოგში მონაწილეობა.
თემატური სასწავლო სივრცეები და კვლევაზე დაფუძნებული სწავლა
დილის წრის შემდეგ საკლასო ოთახი პატარა მკვლევრების სივრცედ გარდაიქმნება. რეჯიო ემილიას მიდგომით შთაგონებული ჩვენი სასწავლო ცენტრი ბავშვისთვის „მესამე მასწავლებლის“ როლს ასრულებს. სივრცეები წინასწარ გააზრებულად არის მოწყობილი ბუნებრივი მასალებით, სხვადასხვა დანიშნულების საგნებითა და ღია ტიპის რესურსებით, რომლებიც ბავშვებს დამოუკიდებლად აღმოჩენისა და ექსპერიმენტირებისკენ უბიძგებს. ბავშვებს შეუძლიათ თავისუფლად გადაადგილდნენ სხვადასხვა სივრცეს შორის:
STEM და კონსტრუქციის ზონა
ხის კუბებით გრავიტაციის აღმოჩენა, ხიდების აგება და სივრცითი ამოცანების გადაჭრა.
სენსორული და სამეცნიერო კვლევის სივრცე
ქვიშის, წყლის, სინათლის, ბუნებრივი ტექსტურებისა და სხვადასხვა მასალის შესწავლა.
შემოქმედებითი ხელოვნება
ხატვა, თიხაზე მუშაობა და საკუთარი იდეების ვიზუალურად გამოხატვა.
როლური თამაშებისა და ენის სივრცე
როლური თამაშები, რომლებიც ბავშვებს ეხმარება მოლაპარაკების, თანაგრძნობის, თანამშრომლობისა და მდიდარი მეტყველების განვითარებაში.
ამ დროს პედაგოგები აქტიურად აკვირდებიან პროცესს, სვამენ ღია კითხვებს და ბავშვებს აზროვნების განვითარებაში ეხმარებიან — თუმცა მათ თამაშს არ მართავენ და აღმოჩენის შესაძლებლობას არ უზღუდავენ.

სუფთა ჰაერი, თავისუფალი სივრცე და ბუნებასთან კავშირი
პატარა ბავშვები მხოლოდ მოსმენითა და დაკვირვებით არ სწავლობენ — ისინი მთელი სხეულით სწავლობენ. ყოველ დილით და კვლავ დღის მეორე ნახევარში ბავშვები დიდ დროს ატარებენ გარეთ, სადაც თავისუფალი თამაშისა და მოძრაობისთვის მრავალფეროვანი შესაძლებლობები აქვთ. იქნება ეს ცოცვა, სირბილი, ბუნებრივ ბილიკებზე წონასწორობის შენარჩუნება თუ ბაღში პატარა მწერების აღმოჩენა — გარე სივრცე ბავშვებს საშუალებას აძლევს, უსაფრთხო გარემოში გამოსცადონ საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობები.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ადრეულ ასაკში?
მსხვილი მოტორიკის განვითარება მჭიდროდ უკავშირდება წვრილი მოტორიკის განვითარებას. მოედანზე განვითარებული სხეულის, მენჯისა და მხრების კუნთები მომავალში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთი უნარების განვითარებაში, როგორიცაა ფანქრის სწორად დაჭერა და წერა.

კონცენტრაცია, იოგა და განტვირთვა
ადრეულ ასაკში სწავლა ძალიან აქტიური პროცესია. ბავშვების მზარდ ტვინს კი დღის განმავლობაში პერიოდულად სჭირდება სიმშვიდე და დასვენება, რათა მიღებული ინფორმაცია გადაამუშაოს და ახალი გამოცდილებები უკეთ გაიაზროს.
სადილის წინ საკლასო ოთახში მშვიდ და მყუდრო გარემოს ვქმნით, ვრთავთ რბილ მუსიკას და ბავშვები მცირე დამშვიდებისა და ყურადღების კონცენტრაციის პრაქტიკისთვის და იოგას აქტივობებისთვის იკრიბებიან.
თამაშის ფორმით შესრულებული სუნთქვითი ვარჯიშები — მაგალითად, „შეისუნთქე ისე, როგორც ყვავილს ყნოსავ და ამოისუნთქე ისე, თითქოს სანთელს აქრობ“ — და მარტივი იოგას მოძრაობები ბავშვებს ეხმარება, განივითარონ საკუთარი ემოციებისა და ქცევის მართვის, დამშვიდებისა და თვითრეგულაციის უნარები.
შემდეგ ბავშვები დაბალანსებულ და ჯანსაღ სადილს მიირთმევენ და დასვენებისთვის ემზადებიან. ძილისა და მშვიდი დასვენების დრო ბავშვის ორგანიზმის აღდგენას უწყობს ხელს და ეხმარება ტვინს დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გადამუშავებასა და დამახსოვრებაში.
გაღვიძების შემდეგ მოკლე და მშვიდი იოგას აქტივობა ბავშვებს ეხმარება, ნელ-ნელა დაუბრუნდნენ აქტიურ რეჟიმს და დღის მეორე ნახევარს სიმშვიდითა და კონცენტრაციით შეხვდნენ.

შუადღის მათემატიკა, STEM და ლოგიკური აზროვნება
მსუბუქი შუადღის წახემსების შემდეგ მეორე წრის დროა — ადრეული მათემატიკისა და ლოგიკური აზროვნების. სქაიში მათემატიკა აბსტრაქტული სამუშაო ფურცლებისგან არ იწყება. ჩვენ გვინდა, რომ ბავშვებმა რიცხვები და კანონზომიერებები რეალურ სამყაროში დაინახონ და ხელით, თვალითა და გამოცდილებით აღმოაჩინონ. მაგალითად, ბავშვები: ითვლიან გარე თამაშის დროს აღმოჩენილ რეალურ საგნებს; აჯგუფებენ სხვადასხვა ფორმას და პოულობენ ვიზუალურ კანონზომიერებებს; წყლისა და ქვიშის სხვადასხვა რაოდენობის გაზომვით, ბავშვები რაოდენობისა და მოცულობის ცნებებს ეცნობიან; გუნდურად მუშაობენ ლოგიკურ თავსატეხებზე.
როდესაც მათემატიკა რეალურ გამოცდილებას უკავშირდება, ბავშვები თანდათან იძენენ რიცხვებისა და რაოდენობების უფრო ღრმა, კონცეპტუალურ გაგებას — ზედმეტი წნეხისა და აბსტრაქტული დავალებების შიშის გარეშე.
დღის შემაჯამებელი წრე და დღის გამოცდილების გააზრება
როდესაც სასწავლო დღე დასასრულს უახლოვდება, ბავშვები ბოლო წრისთვის იკრიბებიან. ეს მშვიდი მომენტი მათ საშუალებას აძლევს, გაიხსენონ დღის განმავლობაში მიღებული გამოცდილება, დაფიქრდნენ იმაზე, რაც ისწავლეს და საკუთარი პატარა მიღწევები შეამჩნიონ.
ერთად ვსვამთ მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან კითხვებს:
„დღეს რამ გაგრძნობინა, რომ საკუთარი თავით ამაყობდი?“
„რომელი ახალი სიტყვა ან უნარი სცადე დღეს?“
„როგორ დაეხმარე მეგობარს?“
ბავშვები საუბრობენ დღის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე, იხსენებენ ახალ აღმოჩენებსა და მიღწევებს, შემდეგ კი დამოუკიდებლად ალაგებენ თავიანთ ნივთებს და 17:00 საათზე მშობლების მოსვლას ემზადებიან.
ოჯახებისთვის, რომლებსაც სურთ, ბავშვმა დღე დამატებითი აქტივობებით გააგრძელოს, სკოლისშემდგომი კლუბები და დამატებითი აქტივობები 17:00-დან 18:00 საათამდე მრავალფეროვან პროგრამას გვთავაზობს — შემოქმედებით ხელოვნებას, მოძრაობასა და მეცნიერების სამყაროს აღმოჩენას.
სქაის რუტინა, რომელიც ბავშვის განვითარებას მთლიანობაში უყურებს
სქაი ინთერნეიშენალ ქინდერგარტენში ერთი დღე უბრალოდ საათების თანმიმდევრობა არ არის. ეს არის გააზრებულად შექმნილი გარემო, სადაც თითოეულ ბავშვს უსმენენ, მხარს უჭერენ და თან ახალ შესაძლებლობებს სთავაზობენ.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც აკადემიური განვითარება ბუნებრივად ერწყმის თამაშს, მოძრაობას, გარე აქტივობებს, ორენოვან სწავლებასა და სიმშვიდისა და ყურადღების პრაქტიკებს.
ჩვენი მიზანია, თითოეულმა ბავშვმა იგრძნოს, რომ მისი იდეები მნიშვნელოვანია, მისი ცნობისმოყვარეობა წახალისებულია და აღმოჩენა სიხარულთანაა დაკავშირებული. რადგან გვჯერა, რომ საუკეთესო სწავლა იწყება ცნობისმოყვარეობით.
შემოუერთდით სქაის ინთერნეიშენალ ქინდერგარტენის ოჯახს —დაგვიკავშირდით დღესვე ან დაჯავშნეთ ვიზიტი.


Comments